შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო და მას მორწმუნე მრევლი – 6 იანვრის ჩათვლით ინახავს.
მარხვის მნიშვნელობაზე, “ზმნას” მკითხველს, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი ესაუბრა და ამ საინტერესო ინტერვიუს წაკითხვა, ამ ბმულზეა შესაძლებელი. რაც შეეხება, იმას, თუ რატომ უნდა შევიკავოთ საყვარელი საკვების მიღებისგან თავი მარხვის დროს, მამა ლუკას ინტერვიუს მეორე ნაწილისგან შეიტყობთ. ის ამბობს, რომ მამა გაბრიელი, რომელსაც ლობიო ძალიან უყვარდა, ამ პერიოდში მას არ მიირთმევდა.
წმინდა მამებს ვერ შევედრებით, ეს არც მოგვეთხოვება, არც შეიძლება და ვერც შევძლებთ. თუმცა მარხვის დროს, საყვარელ საჭმელზე თუ უარს ვიტყვით და ჩვენი რაციონი სამარხვო ნამცხვრით, შოკოლადით, ათასგვარი დესერტითა და “გემრიელობებით” დახუნძლული არ იქნება, უკეთესი იქნება. მარხვა კვებით არ უნდა განვსაზღვროთ, პირველ რიგში, ის სულიერი კუთხით უნდა იყოს უპირატესი.
მაღაზია კი, მარკეტინგული ხრიკით შემოთავაზებული სამარხვო პროდუქტებით სულ იქნება სავსე. ამ დროს უნდა გახსოვდეთ, ამგვარი პროდუქტები (პალმის ზეთზე დამზადებული) არაჯანსაღი და კარცეროგენულია
ორგანიზმი რომ ღირსეულ მდგომარეობაში დააბრუნო, მას თავშეკავებული ცხოვრება რომ შეეძლოს და არა მსუნაგობა, ამას მთლიანად თვისებების შეცვლა სჭირდება.
სწორად შეარჩიეთ, რას მიირთმევთ და იმაშიც ზომიერება დაიცავით. მაგალითად, მამა გაბრიელი მარხვაში ლობიოს არ ჭამდა. ამ დროს მშვენიერი სამარხვო საჭმელია და გვიყვარს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა ლობიო. მარხვაში თავისი თავისთვის თავისუფლება რომ არ მიეცა და სხეულის აღვირი მოჭიმული ჰქონოდა, ამიტომ არ იღებდა ლობიოს.
აი, ასეთი მიდგომა უნდა მარხვას. თავი უნდა შევიკავოთ. თუ ჭამის მოყვარე ვიქენი და ცოდვა – ნაყროვანება არ შევიჩერე, ეს მარხვა არ არის.
ნაყროვანებაა რომ არ გინდა, მაგრამ კიდევ ჭამ, მაინც ჭამ, რადგან ჭამის პროცესი გსიამოვნებს.
გემოთმოყვარეობაა – გემრიელია და იმიტომ ჭამ. ჭამის პროცესი განიჭებს სიამოვნებას.
ძველი ქართველი ამბობდა, “მუცელს თუ აღორებ – ღორია, თუ აქორებ – ქორიაო”. ბუნებაში როგორაა, მტაცებელმა შეიძლება დღეების მანძილზე არ მიიღოს საკვები, მაგრამ კი არ კვდება. ჩვენც ასე ვართ. უფალმა ნათლობის შემდეგ ფიზიკური სხეულით 40 დღე იმარხულა. შეგვახედა, რომ სხეულს აქვს ამის უნარი. უფალი იყო, მაგრამ ადამიანური ბუნებით იმარხულა. წმინდა მამები იგივეს აკეთებდნენ. დიდ მარხვაში საჭმელს არ იღებდნენ. ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით. ჩვენ შეგვიძლია ზომიერება დავიცვათ და ნაყროვანება ავირიდოთ