საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები სულ უფრო მეტ კითხვასა და შეშფოთებას ბადებს საზოგადოებაში. გასულ კვირას, სულ რაღაც სამი დღის ინტერვალში, ორჯერ ტოტალურად გაითიშა ელექტროენერგია. მაშინ, როცა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებიდან არც დროული და არც დამაჯერებელი განმარტებები არ მოგვისმენია, საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი ვერსია თუ ეჭვი. მათ შორის აქტიურად განიხილება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგოსისტემა შესაძლოა დივერსიული აქტის მსხვერპლი გახდა. ენერგოკრიზისთან ერთად, კვლავ მწვავეა საგარეო-პოლიტიკური გამოწვევებიც -… ამ და სხვა აქტუალურ თემებზე გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:
– მართლაც ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ეს სიტუაცია, მით უმეტეს, სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ვართ. არავინ გვიხსნის, რა და რატომ ხდება. ითქვა, რომ ავარია მოხდა ენგურჰესზე, მაგრამ ძალიან მეუცნაურება ერთი ამბავი: პირველი გათიშვისას ჟურნალისტებმა დაურეკეს ენგურჰესის დირექტორს, რომელმაც განაცხადა, რომ არ იცის, რა ხდება და ვერ იტყვის, რომ დაზიანება ენგურჰესზეა, რაც ძალიან უცნაურია.…
ეჭვს ბადებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დუმილიც. ჩვენ, მოქალაქეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა გახდა ასეთი მასშტაბური ავარიის მიზეზი და რატომ განმეორდა გათიშვა ასე მალე? ასევე რა კეთდება არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად?
სემეკ-მა განაცხადა, რომ შეიქმნა კომისია. სიმართლე გითხრათ, ჩემი შეფასებით, ეს გათიშვები ან სრული არაპროფესიონალიზმის შედეგია, ან დივერსიის. რაღა დაგიმალოთ და, არაპროფესიონალიზმის მაინცდამაინც არ მჯერა, ქვეყანაში მეტ-ნაკლებად კარგი ენერგეტიკოსები გვყავს. პირადად მე უფრო მეორე ვერსიას – დივერსიის კვალს განვიხილავდი, თანაც პირდაპირ ცენტრალურ პულტზე.
ბოლო ინფორმაციით, სუს-მა საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძიება. დროა, სუს-ი თავისი პირდაპირი მოვალეობებით დაინტერესდეს – მარტო იმისთვის ხომ არ არსებობს, რომ მომიტინგეებს სდიოს და დააკავოს?! ამ ეტაპზე სხვა რამის თქმა გამიჭირდება… იმედია, ყველაფერი დროულად გაირკვევა.
– ბატონო სანდრო, მოგეხსენებათ, 23 ივლისს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დააწესეს სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელშიც მოხვდა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც, ოღონდ ასეთი დათქმით: ეს სანქცია კონკრეტულად 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, თუ იქ მანამდე არ შეწყდა რუსული ნავთობის გადამუშავება. რატომ მივედით აქამდე? ძალიან დიდი ხანია ლაპარაკია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა ხდება, თუმცა ხელისუფლება დღესაც ამტკიცებს, რომ ასე არ არის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1-ლ ივლისს განცხადება გააკეთა ყულევის ხელმძღვანელობამაც და თქვა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი უარს იტყვიან რუსული ნავთობის გადამუშავებაზე. განაგრძეთ კითხვა