ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს საახალწლო სუფრისთვის დამახასიათებელი პროდუქტების მომზადების სწორ წესებსა და იმ ნიშნების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ასევე, განმარტავს, რატომ არ შეიძლება მძაღე თხილეულის გამოყენება და თაფლის ადუღება:
“მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რა საფრთხე შეიძლება იყოს დაშიფრული სარიტუალო კერძებში. მაგალითად, ვისაუბროთ გოზინაყზე, სადაც რამდენიმე რისკია, რომლებიც წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ. პირველი – თუ თქვენ გოზინაყის მომზადებამდე დააგემოვნეთ ნიგოზი და მოგეჩვენათ, რომ ის მძაღე ან თითქოს ობის გემოთია, მაშინ ყურადღებით დააკვირდით, ეს იყო მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, თუ ეს ეხება რამდენიმე ნაჭერს. თუ ეს შეგრძნება განგიმტკიცდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი საეჭვოა. ცხიმის ამძაღება პროდუქტის ხარისხის გაუარესებაზე მიანიშნებს. სპეციფიკური გემო ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, სოკოს ვერ ხედავდეთ, მაგრამ პროდუქტის შიგნით იყოს. ასეთ შემთხვევაში, სოკოს მიერ გამომუშავებული შხამები სხვადასხვა სახის თხილეულში მომწამლავ ნივთიერებად ყალიბდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სიფხიზლე და დაკვირვება გვჭირდება. თუ პროდუქტი არ არის სათანადო და ეჭვს აღძრავს, მისგან დამზადებული ყველა კერძიც საეჭვო იქნება. თუ არასათანადოდ შერჩეულ ნიგოზს თაფლთან კომბინაციაში გამოვიყენებთ, თაფლი არა თუ გაანეიტრალებს გემოს, არამედ უფრო გაამძაფრებს.როდესაც გოზინაყს ვაკეთებთ, თაფლის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. თაფლს დუღილი არ სჭირდება. თაფლის დუღილი ჩვენი წინაპრების კლასიკურ რეცეპტში არ არის.ყოველთვის დუღილამდე მიიყვანდნენ და გააგრილებდნენ, შემდეგ ისევ მიიყვანდნენ და გააგრილებდნენ. ეს თაფლის წრთობაა. თუ ჩვენ თაფლს ხანგრძლივად ვადუღებთ იმისათვის, რომ ფერი შეიცვალოს, განმტკიცდეს, მაქსიმალური კარამელიზაცია მივიღოთ და გოზინაყი ტკაცუნა გახდეს, გარწმუნებთ, რომ ფურფუროლის, მომწამლავი ნივთიერების, დაგროვება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება. გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ და არანაკლებ ტკაცუნა, ლამაზი ფერისა და გემრიელი იქნება თქვენი გოზინაყი, როდესაც მიიყვანთ დუღილის ტემპერატურამდე, შემდეგ გააგრილებთ, ისევ მიიყვანთ და გააგრილებთ, მაგრამ არ ადუღებთ. ასე შეგიძლიათ 2-3-ჯერ გამოიყენოთ, ზოგიერთი 3-4-ჯერაც ცდილობს და ასეთი გამოწრთობილი თაფლი საუკეთესო გოზინაყის წინაპირობაა.